Thursday, December 24, 2015

გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს!










ქრისტესშობა (შობა)  ქრისტიანული რელიგიური დღესასწაული, აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაც გრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა).
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: „თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა“. ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.
ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.
და აი, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა; გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო - ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას.
რჩეულთა მცირე ნაწილი ელოდა ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელ მესიას, იუდეველთა უმრავლესობა უცდიდა მეფე-მძლეველი მხსნელის მოსვლას, რომელიც მათ უცხოტომელთა ბატონობისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.
რომმა თავისი რკინის სკიპტრა იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა ქვეყანას გადააწვდინა და ერთ იმპერიად გააერთიანა; პალესტინა რომის პროვინცია გახდა. სარწმუნოების საკითხებს დიდი სინედრიონი განაგებდა, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები და მოხუცებულები შედიოდნენ. ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როდესაცრომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა.
ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუსის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეული ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!
წლის მკაცრ სეზონზე და სრულიად უსახსროდ, არასასურველ ვითარებაში უნდა დასდგომოდნენ იოსები და მარიამი ძნელ გზას. ამ გზის გასავლელად საუკეთესო შემთხვევაში სამ დღე-ღამეზე მეტი იყო საჭირო. ბეთლემი, პატარა ქალაქი, რომელსაც ადრე ევფრათა ეწოდებოდა, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ქებრონის გზაზე და ნაზარეთიდან სამი დღის სავალი აშორებდა. დავითი ბეთლემში დაიბადა და მისი მეფედ ცხებაც აქ აღსრულდა. ბეთლემში იყო დავითის მთელი მოდგმა და ამიტომ ის დავით მეფის საგვარეულო ქალაქად სამართლიანად იწოდებოდა.
ბოლოს მათ მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. პატარა ქალაქი მომსვლელებით იყო სავსე. წმინდა მწირები ამაოდ ეძებდნენ თავშესაფარს. არავინ მიიღო ისინი, „რამეთუ არა იყო მათა ადგილი სავანესა“. მთელ ქალაქში თავისუფალი კუთხეც კი არსად მოიძებნა. ისინი ადამიანთა საცხოვრებელს უდრტვინველად გაშორდნენ და სადგომს ქალაქის შემოგარენში, ჭიშკართან ახლოს ეძებდნენ. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებას და ქაოსს მოშორებულნი - მარტონი, უხილავ შემოქმედთან ერთად. საიდუმლოების ფარდა ჩამოეფარა ძე ღვთისას აკვანს და ამგვარად აღესრულა ისაიას წინასწარმეტყველება: „აი, ვინ დაივანებს მაღალში, კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი“.
ამ მყარ კლდეებში შუაღამისას ქალწულმა მარიამმა წინასაუკუნეთაგან მამისაგან შობილი უხრწნელი შვა და „მიაწვინა იგი ბაგასა“. სასწაულებრივი, ადამიანური ბუნებისათვის მიუწვდომელი იყო მისი მუცლადღება, ასევე სასწაულებრივად, ასევე ზებუნებრივად მოხდა მისი მოვლინება ყმაწვილი დედის წინაშე. ასე სხივმფენი მნათობი გაარღვევს მეყდეყლად ღრუბელს, რათა თავისი სინათლითა და სითბოთი ქვეყნიერებას სიცოცხლე მოჰფინოს.
მხსნელის შობას ტკივილები არ სდევდა თან, ქალწულმა იმგვარად შვა, რომ მთელი თავისი მხიარულება და ძალა შეინარჩუნა. როდესაც ყოვლადწმინდამ ძე თვისი და ღმერთი ჩვენი შვა, დაუყოვნებლად მის სამსახურს შეუდგა. სხვათა დახმარება არ სჭირდებოდა, არც ტკივილსა და არც იმ უძლურებას არ გრძნობდა, რომელსაც ჩვეულებრივ განიცდიან ქალები. დედა ღვთისამ ყოვლადწმინდა ხელებით თვითონვე შეახვია იგი, ბაგაში მიაწვინა და პირველმა სცა თაყვანი. თავის ძუძუს აწოვებდა მას, მის მკლავებში განვლო უფლის სიყრმემ, დედასთან განუშორებლად გაატარა მან თავისი სიყმაწვილე 30 წლის ასაკამდე, სანამ ადამიანთა მოდგმას განუცხადებდა, რომ საკაცობრიო ცოდვებს საკუთარ თავზე იღებდა, რათა ჯვარზე სიკვდილით ქვეყნიერებისათვის ხსნა მოენიჭებინა.
თრთოლვითა და მოკრძალებული მდუმარებით სცა თაყვანი იოსებმა ყოვლადწმიდა დედასა და მის ძეს - ჩვენს ღმერთს. განცვიფრების სიხარულით შეპყრობილმა ზებუნებრივი სასწაული განჭვრიტა და დაუყოვნებლივ შეიგრძნო, რომ მისი ძე ჭეშმარიტად სულიწმინდისაგან არის, მიხვდა, რომ იმ დრომდე, სანამ არ შვა ძე თვისი პირმშო, პირმშო ახალი ცხოვრებისა, პირმშო ახალი აღთქმისა, ღვთისმშობელს არ იცნობდა იოსები, არ იცოდა, ვინ იყო იგი და რისი ღირსი გახდა თვითონ, არ იცნობდა მას - დედას ღვთისას, იმიტომ, რომ იოსებისთვის დაფარული იყო, თუ რაგვარი ღვთაებრივი საიდუმლო იმალებოდა მასში. მხოლოდ აქ, ძის ბუნებითი შობის დროს მან მთლიანად გაიაზრა, რომ ამაზედ იყო ნათქვამი: „ქალწულმან მუცლად იღოს“.
კაცობრიობის მეუფის და მხსნელის შობით ღმერთმა ქვეყანას დიდი და ახალი სასწაული მოუვლინა: - სასახლის მაგიერ - უდაბნოს ქვაბული, ლოგინის ნაცვლად - ჩალის ნაგლეჯი, უფალმა, რომელიც ცაში ჩიტსაც კი არ ტოვებს მზრუნველობის გარეშე, თავისი ბრძნული ყოვლისშემძლეობით მხოლოდშობილი ძისთვის მიწიერი სავანე არ განამზადა. ძე ღვთისამ, რომელიც ზეცის მფლობელია, ბაგაში განისვენა; სამყაროს უფლისა და მეუფისათვის, როდესაც მან კაცთა სახსნელად ხორცი შეისხა, - ცოდვითა და უკანონობით დაფარულ მიწაზე ადგილი არ აღმოჩნდა. თვითონვე მოწმობს ამას, როდესაც ამბობს: „მელთა ხურელი უჩნს და ფრინველთა ცისა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს“. უცნობ ქალს ჩაესახა ქრისტე, ხოლო დიდებულ იერუსალიმში ჯვარზედ აცვეს, მცირე ბეთლემში იშვა იგი, ხოლო დიდ იერუსალიმში სიკვდილად მიეცა. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!
ძე ღვთისასა შობის წუთებში გაიხსნა ცა, ღვთის დიდებამ განანათლა მიწა, რომელიც ღრმა წყვდიადით იყო დაფარული, ანგელოსთა დასნი გარდამოვიდნენ მაღლიდან და სიხარულით გალობდნენ, რომ ქვეყანაზე დაემკვიდრა მშვიდობა და ადამიანებს ღვთის წყალობა დაუბრუნდათ.
რას შვრებოდა ამ დროს მიწა, - ღვთის დიდებით გაბრწყინებული? ყოველივე ღრმა ძილში იყო ჩაძირული: იუდეველები აღთქმული მესიის მოლოდინში, - რომლისგანაც ქვეყნიურ დიდებას ელოდნენ, - სჯულს იცავდნენ, ხოლო წარმართები თავიანთი კერპების წინაშე იღრჩობოდნენ ცოდვაში.
ბეთლემის ველზე, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და ქვაბულიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა, იდგა სვეტი, რომელიც ედერის სახელით იყო ცნობილი და რომლის სიახლოვესაც დიდი დავით მეფე მამის ფარას მწყემსავდა. ღამით, ამ დროს მწყემსები ცხვარს ედგნენ დარაჯად. მოულოდნელმა სხივმა გაანათა ისინი, უფლის ანგელოსი წინ წარმოუდგათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა, ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხვეული და მწოლარე ბაგასა“.
როდესაც ზეციურმა მაცნემ ხარება დაასრულა, მოულოდნელად, როგორც მისი სიტყვის დადასტურება, გამოჩნდა ანგელოსთა უთვალავი მხედრობა, რომელიც აქებდა და ადიდებდა უფალს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
არც ბრძენთ, არც დიდებულთ, არც ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ არ გამოუცხადა უფალმა თავისი საიდუმლო, არამედ - ყველაზე ღატაკ, ყველაზე უკანასკნელ მაშვრალებს ამქვეყნად. დაფარა - ყოვლადბრძენთა და გონიერთა წინაშე - და განუცხდა ყრმებს: ჰოი, უპოვარების ნეტარებავ, მორჩილებისა და უსიტყვო თვინიერების მომნიჭებელო, სიამაყისა და ამპარტავნების დამთრგულველო! თვით უფალი მისი ღატაკებთან და სიყვარულისა და გულმოწყალების წყაროს გარდმოუვლენს მათ. ანგელოსები წავიდნენ ცისკენ, დამთავრდა დიადი ხილვა, მწყემსები გონს მოეგნენ და ყველამ, როგორც ერთმა, გადაწყვიტა, წასულიყო ბეთლემში და ენახა, რაც იქ მოხდა. მათ კარგად იცოდნენ ის ადგილები ბეთლემისკენ მიმავალ გზაზე, სადაც საქონლის ბაგები იყო და სადაც ღარიბი მგზავრები თავშესაფარს პოულობდნენ. წავიდნენ და ჰპოვეს ყოვლადწმინდა ქალწული და ბაგაში მწოლარე ყრმა და თაყვანი სცეს მას.
ანგელოსთა სხივბრწყინვალე გამოცხადებისა და ხარების შემდეგ ღვთაებრივი ყრმა უბრალოებით და სიღატაკით გარშემორტყმული კიდევ უფრო ზეციური და ნათელი ეჩვენათ. თაყვანისსაცემად მისულებმა ყველაფერი მიიტანეს, რაც კი ებადათ: წმინდა სიყვარული, მყარი რწმენა და მხსნელის და მეუფის მხურვალე დიდება. და რადგან სურდათ, საკუთარი ღვთისმოსაური გრძნობა გამოეხატათ, მის ყოვლადწმინდა დედას უამბეს ყველაფერი, რაც ნახეს და ანგელოსთაგან ესმათ. ქალწული მარიამი თვალს ადევნებდა ყველაფერს, რაც მისგან შობილ ღმერთკაცს შეეხებოდა და როდესაც მწყემსების ნაამბობს ისმენდა, მეხსიერებაში იბეჭდავდა და ხარობდა, რომ მოვლენები ღმერთის აღთქმას ადასტურებდა. წმინდა იოსებ დამწინდველი გაოცებული, კრძალვით იდგა ჭეშმარიტი ნათლის წინაშე, ბედნიერმა მწყემსებმა კიდევ ერთხელ სცეს თაყვანი ყრმა ღმერთს და მის ყოვლადწმინდა დედას და თავიანთი მორჩილების აღსასრულებლად წავიდნენ, აქებდნენ და ადიდებდნენ ღმერთს და მთელ მხარეში ავრცელებდნენ სასიხარულო ამბავს - იმ წმინდა ღამეს მომხდარი სასწაულის შესახებ.

"უცნაური ნაძვის ხე"

ბავშვებმა თავისი ფანტაზიით შექმნეს სხვადასხვანაირი ნაძვისხეები და მორთეს საკლასო ოთახი.






















ყველა ქრისტიანს ვულოცავ წმინდა ნიკოლოზის ხსენების დგეს!გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე.მართლმადიდებლები წმიდა მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ და ისიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ. წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა. წმიდანი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა.
ცხოვრება წმინდა ნიკოლოზისა ღვთაებრივი ნათლით იყო გაბრწყინებული. მის ლოცვასა და შემწეობას მრავალი ადამიანი უხსნია ხორციელი თუ სულიერი სიკვდილისაგან. მრავალი გადაურჩენია ზღვაში ჩანთქმისგან, მრავალიც განუკურნავს: ბრმათათვის თვალი აუხელია, კოჭლთათვის საღი ფეხი მიუცია, ყრუთათვის – სმენა, უტყვთათვის – მეტყველების მადლი. სიღატაკეში მყოფთათვის – ცხოვრების სახსარი, დამშეულთათვის – სასმელ–საჭმელი.
ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს.
wm.nikolozi
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. როცა წმიდანი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა, შეიტყო, რომ ერთ გაღატაკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა, მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსკიპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგვარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისგან. სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დას. ევროპისა და ჩრ. ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს. თუმცა, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.
წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში, 257 წელს მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ. ღმერთმა მშობლების ვედრება ისმინა და მათ ვაჟი უბოძა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი უწოდეს.
წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი დედა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე სენი ტანჯავდა, მსწრაფლ განიკურნა. ნათლობისას კი ჩვილი ნიკოლოზი ემბაზში დამოუკიდებლად 3 საათის განმავლობაში ფეხზე იდგა. დედის რძესაც ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.
წმ. ნიკოლოზმა ყრმობიდანვე ღრმად შეისწავლა საღმრთო წერილი. მთელ დღეს ტაძარში ატარებდა, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. სულიწმინდით აღვსილმა მღვდელმთავარმა ამ დღეს ასე მიმართა ხალხს: “ძმანო, მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად, რომელი მონანულთა ნუგეშს მოჰფენს; კურთხეულ არს სამწყსო, რომლის მოძღვარიც იგი იქნება, რამეთუ ცოდვილთა სულებს კეთილად უწინამძღვრებს… და ჭირთა შინა შემწედ მოევლინება.”
წმიდა ნიკოლოზი პრესვიტერი იყო, როცა ბიძამ ეპარქიის გამგებლობა ჩააბარა და თვითონ წავიდა ადგილების მოსალოცად პალესტინაში. წმიდანი დიდი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა. ცდილობდა, არც ერთი ადამიანის გაჭირვება და უბედურება არ გამორჩენოდა მხედველობიდან.
პათარის ეპისკოპოსის დაბრუნების შემდეგ წმ. ნიკოლოზი პალესტინაში გაემგზავრა. გემზე ყოფნისას მან სასწაული ორჯერ აღასრულა: ჯერ გამძვინვარებული სტიქია ჩააწყნარა ლოცვით, შემდეგ კი ანძიდან ჩამოვარდნილი მეზღვაური ფეხზე უვნებლად წამოაყენა.
იერუსალიმში ჩასულმა წმიდა ნიკოლოზმა ლოცვით მოვლო წმიდა ადგილები. შორიდან მოსული დიდი მლოცველის წინაშე სიონის მთაზე ეკლესიის დახშული კარები ღამით თავისით გაიღო. მას შემდეგ, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმიდა ადგილი მოილოცა, წმ. ნიკოლოზი უდაბნოში აპირებდა წასვლას, რათა იქ განდეგილის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ღვთაებრივმა ხმამ მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია.
მირონ–ლუკიაში დაბრუნებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ განმარტოებისაკენ ისრაფვოდა, მაგრამ უფლის ნებით მისი ცხოვრება სხვა გზით წარიმართა. მას თვითონ უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ომოფორი უწყალობა. სულ მალე ამ ჩვენებიდან წმიდა ნიკოლოზი მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს. უსჯულო დიოკლეტიანეს მეფობის დროს, ქრისტიანების გააფრთებული დევნისას, მღვდელმთავარი ნიკოლოზიც დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, სადაც იგი ქრისტიანებს ჭეშმარიტი რწმენით განამტკიცებდა და ეხმარებოდა, მხნედ გადაეტანათ მიყენებული ტანჯვა–წამება.
მოციქულთასწორის კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ საეკლესიო კრებაში, რომელმაც სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. სხვა წმიდა მამებთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმ ხანებში ფართოდ გავრცელებული ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ერეტიკოსის უტიფრობამ თვით სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება. ცრუ მოძღვარს, რომელიც თავისას ჯიუტად ამტკიცებდა, მან კვერთხი ჩაარტყა, რისთვისაც მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხეს, რის შედეგადაც მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.
წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში მისი წმიდა ნაწილები დიდხანს უხრწნელად იყო დაცული. მათგან წმიდა მირონი მოედინებოდა, რომლითაც მრავალი სასწაულებრივად იკურნებოდა. 1087 წელს წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს, რადგან მირონ–ლუკიაში მას საფრთხე დაემუქრა მაჰმადიანების მხრიდან.
წმიდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ტროპარი
“კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.”



მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 17დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაული აღინიშნება.
წმიდა დიდმოწამე ქალწულ ბარბარეს ცხოვრების შესახებ“ამბიონს” ესაუბრა წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კახაბერ შურღაია:
“დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. ის შეძლებული დიდგვაროვნის – დიოსკორეს ოჯახში დაიბადა. დიოსკორე ადრე დაქვრივდა და მეუღლისგან ერთადერთი შვილი, ბარბარე დარჩა. მამას ძალიან უყვარდა ქალიშვილი, ამიტომ გადაწყვიტა უცხო თვალისთვის მოერიდებინა, კოშკში გამოკეტა და მისი აღზრდა წარმართ მასწავლებლებს მიანდო. როდესაც ბარბარე კოშკიდან ბუნებას აკვირდებოდა, ხვდებოდა, რომ ასეთი მოწესრიგებული და ლამაზი გარემო, კერპების შექმნილი არ იქნებოდა. ამის შემოქმედი მხოლოდ ერთი, უმაღლესი, უზენაესი ძალა უნდა ყოფილიყო.
ხშირად ისმის ასეთი კითხვა: თუ ადამიანი ისეთ ადგილას დაიბადა ან მოხვდა, სადაც არ არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია და არ არის მოძღვარი, ნუთუ ის ადამიანი განწირულია?!
როდესაც ბარბარე გაურკვევლობაში იყო, კოშკში გამოკეტილი, ღვთის წყალობით, მას გაუჩნდა სურვილი ჭეშმარიტება ეპოვა. ასევეა ნებისმიერი ადამიანიც, რა გარემოშიც არ უნდა იყოს, თუკი მას ჭეშმარიტების შეცნობა უნდა, შემოქმედი მას ყოველთვის გამოუჩენს გზას, რომელიც უფალთან მიიყვანს და აცხონებს.
ამასობაში, წმიდა ბარბარეს მშვენიერების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა და უამრავი ჭაბუკი გამოჩნდა სხვადასხვა ქვეყნიდან, მისი ხელისა და გულის მაძიებელი. დიოსკორემ ასულს შესთავაზა, მთხოვნელთა შორის თავად აერჩია გულისსწორი, რაზეც წმინდანმა მკაცრად მიუგო, რომ ის გათხოვებას არ აპირებდა.
მამამ იფიქრა, ბარბარეს ჩაკეტილმა ცხოვრებამ და მარტოობამ გადაუსხვაფერაო ხასიათი. მას კოშკიდან გამოსვლის ნება დართო და თავისუფლება მიანიჭა, რათა თავისით აერჩია მეგობრები და გაუცხოვება განექარვებინა.
ცოტა ხანში დიოსკორეს საქმეების გამო გამგზავრება მოუხდა. ამ დროს, წმინდა ბარბარემ, უფლის განგებით, ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომლებმაც ყოვლადწმინდა სამების შესახებ აუწყეს მას. ბარბარემ ეს ყველაფერი ყურადღებით მოისმინა, შეიმეცნა და ქრისტიანობა მიიღო. ამის შემდეგ წმინდანმა იწყო გულმოდგინედ ლოცვა და მარხვა, დადო ქალწულობის აღთქმა და გადაწყვიტა სიცოცხლე ღვთისათვის მიეძღვნა.
ერთხელ, როდესაც ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც დიოსკორეს ბრძანებით დიდ აბანოს აშენებდნენ, წმინდანმა აბანოს მარმარილოთი მოპირკეთებულ შესასვლელში თითით ჯვარი გამოსახა, ქვის საფეხურზე კი მისის ტერფის ანაბეჭდი ამოიკვეთა, საიდანაც წყარომ ამოხეთქა და შემდგომში უკვე მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა.
დიოსკორეს ბრძანების მიხედვით, აბანოს ორი სარკმელი უნდა ჰქონოდა – მზისა და მთვარის ნიშნად, ბარბარემ კი მშენებლებს მესამე სარკმლის გამოჭრაც სთხოვა, ნიშნად წმინდა სამებისა.
შინ დაბრუნებულმა დიოსკორემ, იხილა რა სამი სარკმელი, მშენებლებს გაუჯავრდა, მაგრამ ბარბარემ აღიარა მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება და შეეცადა დიოსკორეც მოექცია. მამა ისე გაუბრაზდა, მახვილი იშიშვლა და მოსაკლავად გამოეკიდა, ბარბარემ გამოქვაბულში დამალვა მოახერხა, მაგრამ ის ცოტა ხნის შემდეგ მაინც შეიპყრეს.
დიოსკორემ საკუთარი ასული მმართველ მარტიანეს მიჰგვარა. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა მარტიანემ ტკბილი სიტყვით სცადა მისი გადაბირება, თუმცა არაფერი გამოუვიდა, ბარბარე მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.
წმიდა ბარბარეს ურჩობით განრისხებულმა მმართველმა ბრძანა, ტყავის შოლტებით ეგვემათ წმინდანი და სასტიკად აწამებინა. მაგრამ ნაწამებ ქალწულს თავად იესო ქრისტე გამოეცხადა და განკურნა და გაამხნევა. მეორე დღეს, როდესაც ბარბარე მტარვალების წინაშე იხილეს – ის სრულიად განკურნებული იყო.
მმართველმა ეს ყოველივე კერპებს მიაწერა, რადგან არ სურდა ერწმუნა ჭეშმარიტება. ბარბარესაც მოუწოდა თაყვანი ეცა კერპთათვის, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ამიტომ ის ამჯერადაც სასტიკად გვემეს, ოღონდ, ახლა უკვე ხალხის წინაშე.
ასულის სიმტკიცით გაოცებულმა ჯალათებმაც კი ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც უმალვე დაისაჯნენ სიკვდილით.
ბარბარეს წამების საცქერლად შეკრებილ ბრბოში იდგა ილიოპოლელი ქალწული იულიანაც, რომელიც თანდათან ივსებოდა წმიდა მარტვილისადმი თანაგრძნობით და მის მსგავსად, ქრისტესთვის თავგანწირვის სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება, რისთვისაც მსწრაფლ შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს.
წმიდა ბარბარეს და იულიანას, სამოს შემოძარცვულებს დაატარებდნენ ქუჩებში, სცემდნენ, დასცინოდნენ… უფლის ანგელოზებმა კი ნეტარქალწულთა სიშიშვლე სპეტაკი სამოსით დაჰფარეს, რითაც უხილავი შეიქმნა მათი სიშიშვლე.
ამდენი დამცირების შემდეგ ბარბარეს თავის მოკვეთა მიესაჯა და ის თავად დიოსკორემ გაიყვანა დასასჯელად. მაშინ, წმინდა ქალწულმა ითხოვა, რომ მისთვის ხელები გაეხსნათ, რათა ელოცა, პასუხად კი დაცინვა მიიღო. ამ დროს გაისმა ხმა ზეციდან: “მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიამას თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა შენსა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე. მიმიცემიეს შენდა და უფროისი ამისსა მიგცე შენ”. ამის შემდეგ დიდი სიხარულით მოუდრიკეს ქედი მახვილს. წმინდა ბარბარე მამამისის ხელით აღესრულა. როგორც კი დიოსკორემ ასულს მახვილი დასცა, იმავ წამს ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა. ზეციდან წამოსული შემოსული საშინელი ცეცხლი დაატყდა მას თავს და ერთიანად დაწვა. მისი ფერფლი კი უეცრად ამოვარდნილმა ქარმა გაფანტა. ასევე, დაისაჯა მარტიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც აღარ დარჩა.
მორწმუნე ქრისტიანებმა წმინდა ბარბარეს პატიოსანი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარე კიევის ლავრაშია დაკრძალული.”
***
ბარბარობა — ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.
ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართლი ბარბარობის წინაქრისტიანული ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას.
ღვთაება ბარბალეს ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბარბარობაში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლებოდა ზამთრის მზის ბუნიობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხის, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის ანუ ნათლისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძველ კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყისი თვე. ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს- და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო მეკვლეობა.

Wednesday, December 2, 2015

1 დეკემბერი
დედამიწის საერთშორისო დღე !
 გავუფრთხილდეთ დედამიწას და არ უნდა დავაბინძუროთ ის!


დავასუფთაოთ დედამიწა!
 ბუნების გაკვეთილი ბავშვებმა დედამიწის საერთშორისო დღეს მიუძღვნეს.















დავასუფთაოთ გარემო!

















ძებნა...